ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები
მუხლი 1. მომსახურების საფასური
ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით, შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურების საფასურის ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად:
№ |
რესურსი |
ოდენობა |
ყოველდღიური საფასური (ლარი დღგ-ის ჩათვლით) |
1 |
სერვერული ბირთვი (Server cores) |
1 vcpu |
2.93 |
2 |
ოპერატიული მეხსიერება (memory) |
1 GB RAM |
0.98 |
3 |
მყარი დისკი (storage) |
1 GB HDD |
0.057 |
მუხლი 2. მომსახურების აღწერა
1. ელექტრონული სისტემების, ვებგვერდების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით, შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (შემდგომში - სამსახური) შემსყიდველ ორგანიზაციებს მათი სისტემების განთავსების მიზნით საკუთარ სერვერულ ინფრასტრუქტურაზე გამოუყოფს ისეთ რესურსს, როგორიცაა:
ა) ვირტუალური პროცესორი (CPU Core (vcpu));
ბ) ოპერატიული მეხსიერება memory (RAM);
გ) მყარი დისკის მოცულობა storage (HDD).
2. სამსახურსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის კავშირი ხორციელდება დახურული კერძო ქსელის (VPN) საშუალებით, რომლის კონფიგურაციის უზრუნველყოფა ხორციელდება 1 (ერთი) საათის ვადაში. შემსყიდველი ორგანიზაცია უზრუნველყოფილი იქნება მისი აპლიკაციის სერვერის განთავსებით სამსახურის მონაცემთა სანახის სისტემაში, მომხმარებლის მონაცემთა კონფიდენციალურობა დაცულია სტანდარტული პროცედურებით.
3. "uptime" შეადგენს 99.96%-ს, ვირტუალური სერვერები ფუნქციონირებს 2 (ორი) დამოუკიდებელ, ერთმანეთისგან 30 კილომეტრის მანძილზე დაშორებულ, მონაცემთა დამუშავების ცენრებში, აქტივ-აქტივ რეჟიმში, პროგრამული უზრუნველყოფა ეფუძნება VMware ინფრასტრუქტურასა და უზრუნველყოფილია ძირითად და სარეზერვო ცენტრებს შორის ავტომატური გადართვის მექანიზმით. ინფრასტრუქტურული გაუმართაობების შემთხვევაში მოქმედებს ავტომატური შეტყობინებების სისტემა.
4. ინციდენტებზე რეაგირების დრო, გადაჭრის დრო:
ა) სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, ინციდენტ(ებ)ის დაფიქსირება უნდა განხორციელდეს:
ა.ა) სამუშაო დღეებში, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, სამსახურის ცხელ ხაზზე (1551) ან/და ელექტრონული ფოსტის (1551@mof.ge; change@mof.ge) მისამართებზე;
ა.ბ) არასამუშაო საათებში - სამსახურის სატელეფონო ნომრებზე (032 2261392; 032 2261380) ან/და ელექტრონული ფოსტის (1551@mof.ge; change@mof.ge) მისამართებზე;
ბ) რეაგირების დრო განისაზღვრება:
ბ.ა) სამუშაო დღეებში, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) საათისა;
ბ.ბ) არასამუშაო დღეებში/საათებში მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) საათი;
გ) ინციდენტ(ებ)ზე ან/და მოთხოვნებზე რეაგირების დროს ათვლა ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტში მითითებულ ელექრონულ ფოსტაზე ან/და ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინების მიღებიდან;
დ) ინციდენტის (ხარვეზის) აღმოფხვრის ხანგრძლივობა განისაზღვრება:
დ.ა) პირველი დონის ხარვეზის (როდესაც შეუძლებელია სისტემაში მუშაობა) შემთხვევაში - მისი აღმოფხვრა ხორციელდება ხარვეზის დაფიქსირებიდან არაუმეტეს 2 (ორი) საათისა;
დ.ბ) მეორე დონის ხარვეზის (როდესაც შემსყიდველ ორგანიზაციას აქვს სისტემაში მუშაობის საშუალება, თუმცა სისტემაში პრობლემა არის კონკრეტულ ფუნქციონალზე, რომელიც ხელს უშლის სერვისის გამართულ მუშაობას) შემთხვევაში - მისი აღმოფხვრა ხორციელდება ხარვეზის დაფიქსირებიდან არაუმეტეს 4 (ოთხი) საათისა;
დ.გ) მესამე დონის ხარვეზის (რომელიც გავლენას არ ახდენს სისტემის არც ერთი კომპონენტის ფუნქციონირებაზე. თუმცა აღნიშნული შესაძლოა მიმართული იყოს სისტემის ფუნქციონალის ან მოხმარების სიმარტივის გაუმჯობესებისთვის) შემთხვევაში - მისი აღმოფხვრა ხორციელდება ხარვეზის დაფიქსირებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ან სისტემის გეგმურ განახლებამდე;
ე) მონაცემების სარეზერვო კოპირება ხორციელდება ვირტუალური მანქანის დონეზე 4 (ოთხი)-კვირიანი ციკლით, კვირაში ერთი სარეზერვო კოპირებით;
ვ) წვდომა შემსყიდველი ორგანიზაციის მონაცემებთან ოპერაციულ და მონაცემთა ბაზის დონეზე სამსახურს არ გააჩნია, წვდომები დაშვებულია მხოლოდ კონკრეტული IP მისამართებიდან, რომლებსაც წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაცია, სამსახური უზრუნველყოფს მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვას სტანდარტული პროცედურებით, კერძოდ, ვირტუალური მანქანების დონეზე ნებისმიერი მოქმედება ლოგირდება მართის ცენტრის (Vmware vCenter) მეშვეობის, ლოგები კოპირდება და შეინახება დაშიფრული სახით SIEM (Security Incident and Event Management) სისტემაში, რომლის მონაცემების ცვლილება არ არის შესაძლებელი.
5. აღნიშნული მომსახურება არ მოიცავს შემსყიდვლი ორგანიზაციის მიერ სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის ადმინისტრირებას.
მუხლი 3. ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურების პირობები
1. ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სამსახურისაგან ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით, შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურება (შემდგომში - შემსყიდველი ორგანიზაცია), ვალდებულია, შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა წარუდგინოს სამსახურს წერილობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას, კერძოდ:
ა) მომსახურების გაწევის ვადას/პერიოდს;
ბ) საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტის მისამართს.
3. სამსახური მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით უგზავნის შემსყიდველ ორგანიზაციას შეტყობინებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდგომ სამსახური ახორციელებს მომსახურებას გაწევას.
4. სამსახური უფლებამოსილია, უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ელექტრონული სისტემების, ვებგვერდების, კომპიუტერული პროგრამების ან/და აპლიკაციების სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებისათვის საჭიროა იმ მოცულობის გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) გამოყოფა, რომლის ტექნიკური შესაძლებლობა სამსახურს არ გააჩნია. აღნიშნულთან დაკაშირებით, შემსყიდველ ორგანიზაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ეცნობება შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნის წარდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
5. სამსახური ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე შემსყიდველ ორგანიზაციას უგზავნის ინფორმაციას გასულ თვეში გაწეული მომსახურების დროს მის მიერ გამოყენებული რესურსებისა და აღნიშნულ თვეში მომსახურების საფასურის თაობაზე.
6. მომსახურების მიღება ხორციელდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და სამსახურს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც ფორმდება ყოველთვიურად, ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან - 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
7. მიღება-ჩაბარების აქტი ასევე შესაძლებელია გაფორმდეს ელექტრონულად, "ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
8. ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან ან/და ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.