ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები
მუხლი 1. ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურების საფასურის ოდენობები და მათი დაანგარიშების წესი:
1. ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურების საფასურის ოდენობები:
მომსახურების დასახელება
|
მომსახურების საფასური
დღგ-ის ჩათვლით (ლარი)
|
ვებგვერდის შექმნა ან/და მისი განვითარება
|
X
|
2. მომსახურების საფასური X გამოითვლება შემდეგი წესით: მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაცსაათების ოდენობა მრავლდება 1 კაცსაათის საფასურზე, აქედან, 1 კაცსაათის ღირებულება შეადგენს 34.00 (ოცდათოთხმეტ) ლარს.
მუხლი 2. ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურების პირობები
1. ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისაგან (შემდგომში - სამსახური) ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურება (შემდგომში - შემსყიდველი ორგანიზაცია), ვალდებულია, შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა შესაბამისი ტექნიკურ დავალებასთან ერთად წარუდგინოსსამსახურს წერილობით.
2. შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მოთხოვნილი ვებგვერდის დასახელებას;
ბ) საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართს.
3. სამსახური უფლებამოსილია ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მიზნით, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარდგენა და ამისათვის განუსაზღვროს შესაბამისი ვადა. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების შეჩერების საფუძველს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური დავალება უნდა იყოს მკაფიო, მასში მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს აღწერილი მოთხოვნილი ვებგვერდის შესაბამისი პარამეტრები.
5. სამსახური უფლებამოსილია, მხოლოდ ერთხელ მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დააზუსტოს წარდგენილი ტექნიკური დავალება და, თუ ასეთი დაზუსტების შემდგომაც წარდგენილი ტექნიკური დავალება არ იქნება საკმარისი მოთხოვნილი ვებგვერდის შესაქმნელად ან/და მისი განვითარებისთვის, სამსახური უფლებამოსილია უარი განაცხადოს შემსყიდველი ორგანიზაციის მომსახურებაზე და აღნიშნული გადაწყვეტილება აცნობოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
6. სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დავალება აკმაყოფილებს მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს) ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიაწვდის შემსყიდველ ორგანიზაციას შემდეგ ინფორმაციას, კერძოდ:
ა) ინფორმაცია მომსახურების საფასურთან (X) დაკავშირებით;
ბ) ინფორმაცია მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაცსაათების ოდენობასთან დაკავშირებით;
გ) ინფორმაცია მომსახურების გაწევის პერიოდთან დაკავშირებით.
7. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს სამსახურს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე - 1551@mof.ge დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.
8. სამსახურს მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოეშვება ამ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დასტურის მიღების შემდგომ.
9. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი შესაძლებელია გაფორმდეს როგორც მომსახურების გაწევის დასრულების შემდგომ, ასევე ყოველთვიურად (ასეთ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს მომსახურების ერთი დღის საფასური, კერძოდ; მომსახურების საფასური X უნდა გაიყოს მომსახურებისათვის საჭირო დღეების სრულ რაოდენობაზე, ამით დადგინდება მომსახურების ერთი დღის საფასური, ხოლო ამის შემდგომ, მომსახურების ერთი დღის საფასური უნდა გამრავლდეს შესაბამის თვეში არსებულ დღეების ოდენობაზე, რითაც მივიღებთ შესაბამისი თვის მომსახურების საფასურს) მომსახურების გაწევის დასრულებიდან ან/და ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან - 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
10. მიღება-ჩაბარების აქტი ასევე შესაძლებელია გაფორმდეს ელექტრონულად, "ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
11. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.