ბმულები

 


საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის პროგრამისტმა თინათინ ქევანიშვილმა გაიმარჯვა საქართველოში გამართულ კომპიუტერული თამაშების პირველ მარათონში Game Jam

22-23 თებერვალს, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში, საქართველოში კომპიუტერული თამაშების პირველი მარათონი Game Jam გაიმართა, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის პროგრამისტი თინათინ ქევანიშვილი. ფესტივალი Game Jam მსოფლიოს მასშტაბით ტარდება და ყველაზე დიდი მოვლენაა კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიაში.

 

ფესტივალის მიზანი იყო საქართველოში კომპიუტერული თამაშების სფეროს განვითარების, ასევე ბიზნეს სტარტაპების ჩამოყალიბების, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენის, ამ დარგში სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.

 

სულ დაახლოებით 350 მონაწილე დარეგისტრირდა, რომელთა შორისაც პროფესიონალი პროგრამისტები, ინოვატორები, და, რა თქმა უნდა, ახალი ტალანტები იყვნენ.

 

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ჰაკათონის ტიპის კონკურსი, რომელშიც 24 გუნდი, დღისა და ღამის განმავლობაში, კონკრეტული თამაშების პროტოტიპების შექმნაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. გაიმარჯვა და პირველ ადგილზე გავიდა გუნდი Bazinga თამაშით Alter Ego, რომელმაც შეზღუდულ დროში საუკეთესო ნამუშევარი წარუდგინა სპეციალურად დაკომპლექტებულ ჟიურის.

 

ღონისძიების მხარდამჭერი და ორგანიზატორი იყო საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი. მარათონის ორგანიზატორები ასევე იყვნენ: IDGA Georgia (კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია), CG Georgia, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი, Stormbringer Studios, ინტერაქტიული აპლიკაციების ლაბორატორია, Jok Entertainers, Jump of Fall.

 

ახლახანს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით თინათინ ქევანიშვილი დაწინაურდა სამსახურში და დაიკავა უფროსი პროგრამისტის თანამდებობა. ვულოცავთ თინათინს წარმატებებს.