სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისა და სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ (სენბი) თანამშრომლობით შეიქმნა სენბი-ს ახალი შიდა ინფორმაციის პლატფორმა, სადაც ბაზრის მონაწილეებს შიდა ინფორმაციის გამოქვეყნების საშუალება აქვთ.
პლატფორმა (https://umm.genex.ge/) მონაწილეებისათვის ინფორმაციის ეფექტიან გასაჯაროებას უზრუნველყოფს.
სენბი არის ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ლიცენზირებული ოპერატორი. დღით ადრე და დღიური ბაზარი არის ადგილი, სადაც გამჭვირვალედ ყალიბდება საბაზრო, საორიენტაციო ფასი.
ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და სამართლიანი ფასწარმოქმნისათვის მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებს ჰქონდეთ წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე. განსაკუთრებული როლი აქვს შიდა ინფორმაციას, რომლის გასაჯაროების ვალდებულება აქვთ ბაზრის მონაწილეებს, ხოლო ამ ინფორმაციის გამოქვეყნების საშუალების უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სენბი-ს.