ბმულები

 


სსიპ საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემის ახალი ფუნქციონალი შეიმუშავა

ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემის (http://emoe.gov.ge/) ახალი ფუნქციონალი - „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ანგარიშგება ელექტრონული სისტემის გამოყენებით“ - შეიმუშავა, რომლის პრეზენტაცია/სწავლება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ბაბაკიშვილი, სამსახურის წარმომადგენლები.


ტრენინგი, რომლის მიზანი იყო სამრეწველო სექტორისა და გარემოსადცვითი საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების წლიური ანგარიშგების ელექტრონულად წარდგენის სწავლება, ჩაატარა სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა.


გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემა ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა.


აღნიშნული სისტემის საშუალებით ორგანიზაციები, რომლებიც ავსებდნენ მავნე ნივთიერებების გაფრქვევების შესახებ ანგარიშგების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმებს და მატერიალური სახით ყოველწლიურად წარუდგენდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად, 2017 წლის 1 იანვრიდან ანგარიშგებას განახორციელებენ ელექტრონულად, სამინისტროში ქაღალდების მიტანის გარეშე.


აღნიშნული სისტემა მეწარმეებს გაუმარტივებს ანგარიშგების წარდგენის პროცესს, დაუზოგავს დროს და შეუმცირებს დანახარჯებს. სისტემა საშულებას იძლევა SMS-სერვისით მეწარმე სუბიექტს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშგების მდგომარეობის შესახებ. ასევე, სისტემა უზრუნველყოფს გაფრქვევების შესახებ მაღალი სანდოობის ინფორმაციის ოპერატიულად მიღებას, ხარისხიან სახელმწიფო აღრიცხვას და სათანადო რეპორეტებით უზრუნველყოფას წლების მიხედვით.