ბმულები

 


საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლებს სერტიფიკატები გადაეცათ

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროში საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლებისთვის სხვადასხვა სასწავლო კურსებში კვალიფიკაციის ამაღლების სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

სასწავლო კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უფროსმა გიორგი კურტანიძემ და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებმა გადასცეს.

„ფინანსთა სამინისტრო მუდმივად ზრუნავს ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამჯერად საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლებმა გაიარეს ორი მნიშვნელოვანი სასწავლო კურსი, მათ შორის, კომპანია „მაიკროსოფტის“ სპეციალისტების ხელმძღვანელობით. წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადავეცით სერტიფიკატები. ვულოცავ მათ და დარწმუნებული ვარ, ისინი შეინარჩუნებენ საქართველოში ამ დარგში მოწინავე პოზიციებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

კურსი “თანამედროვე ვებ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება“ ჩატარდა სასწავლო ცენტრ „აიტი ნოლიჯში“ და მას უძღვებოდა კომპანია „მაიკროსოფტის“ მოწვეული სერტიფიცირებული ტრენერი ალექსანდრე ბაბიჩი, ხოლო კურსი „ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია“ ჩატარდა ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით.

სასწავლო კურსი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება წარმოადგენს კომპანია „მაიკროსოფტის“ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე ორიენტირებული სასერტიფიკატო პროგრამის ნაწილს. მიღებული ცოდნა საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის პროგრამისტებს საშუალებას მისცემს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის შექმნან ბევრად ხარისხიანი ელექტრონული პროდუქტები უფრო თანამედროვე ვებ-პლატფორმის გამოყენებით.

კურსი „ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია“ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლებს დაეხმარება მომხმარებლებთან სწორ კომუნიკაციაში, პრობლემურ მომხმარებლებთან მომსახურების ტექნიკის დახვეწაში, ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციაში, მომხმარებელთა ტიპების, მომსახურების ფსიქოლოგიის, პრაქტიკული უნარების ათვისებასა და გამოყენებაში.

აღნიშნული ტრენინგები საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის 37 თანამშრომელმა გაიარა.