ბმულები

 

საქმიანობა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ "საფინანსო-ანალიტიკური სამსახური“ 2010 წლის აპრილში შეიქმნა. სამსახურს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. 
 
საფინანსო-ანალიტიკური სამსახური მომსახურებას უწევს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებს: სახაზინო სამსახურს, შემოსავლების სამსახურს, მომსახურების სააგენტოს, საგამოძიებო სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიას, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს. 
 
სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია:
 
  • ფინანსთა სამინისტროს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო   საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, განვითარება, მომსახურება, მდგრადობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა;
  • საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემის (PFMS) შექმნა, დანერგვა, მხარდაჭერა, განვითარება, მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • ელექტრონული საინფორმაციო სისტემების შექმნა, დანერგვა, განვითარება და თანმდევი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • ფინანსთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ბიზნეს პროცესების შესწავლა, ფორმალიზება, ოპტიმიზება და ავტომატიზება;
  • ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციული უსაფრთხოების ხელშეწყობა;
  • ფინანსთა სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების ვებგვერდების შექმნა;
  • ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციული სისტემების ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაცია;
  • ელექტრონული მთავრობისა და ელექტრონული მმართველობის კომპონენტების განვითარება და სერვისების მიწოდება
 
სამსახური მართავს ფინანსთა სამინისტროს თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას. მაღალი სიმძლავრის სერვერული, ქსელური და მონაცემთა შენახვის სისტემები ყოველდღიურად ამუშავებენ 100 ტერაბაიტამდე მოცულობის ინფორმაციას და ახორციელებენ მილიონობით ტრანზაქციას.
 
სამსახური ქმნის, ნერგავს და ანვითარებს პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებს. წარმატებით ფუნქციონირებს ქვეყნის საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემა - PFMS. ეტაპობრივად დაიხვეწა და ახალი ფუნქციონალი შეიძინეს მისმა შემადგენელმა კომპონენტებმა - ბიუჯეტის მართვის (eBudget), სახელმწიფო ხაზინის მომსახურების (eTreasure), სახელმწიფო ვალისა და საინვესტიციო პროექტების მართვის (eDMS), ადამიანური რესურსების მართვის (eHRMS) ელექტრონულმა სისტემებმა. საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემა ემხახურება 4400 შიდა და ნახევარ მილიონამდე გარე მომხმარებელს. სისტემის საშუალებით ხორციელდება გადასახადებისა და მოსაკრებლების ელექტრონულად შეგროვება, ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელფასების, პენსიებისა და სხვა ფულადი სახსრების ელექტრონულად გადარიცხვა.
 
დანერგილია სრულიად ახალი პროდუქტები ელექტრონული მომსახურების სფეროში, მათ შორის: საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა (eDocument), ელექტრონული აუქციონი (eAuction), გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემა (EIMS), საგარეო დახმარების საინფორმაციო მართვის სისტემა (eAIMS), ვიზიტორთა მართვის ელექტრონული სისტემა (eVMS), საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემა (egmc.gov.ge).
 
სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება არის ფინანსთა სამინისტროს სისტემის, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების ვებგვერდების შემუშავება და ფინანსთა სამინისტროს შიდაკორპორაციული ელექტრონული სივრცის განვითარება. 
 
სამსახური მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სერვისს, მათ შორის, eCloud - ღრუბლოვანი გამოთვლითი ტექნოლოგიები, რომელიც საშუალებას იძლევა ნებისმიერი ორგანიზაციის სერვერული ინფრასტრუქტურა განთავსდეს სფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ღრუბელში და თვიდან იქნას აცილებული ის პრობლემები და ხარჯები, რაც ამ ინფრასტრუქტურის შეძენას, შენახვასა და მართვასთან არის დაკავშირებული.
 
სამსახური არა მარტო ქმნის პროდუქტებს, არამედ სხვადასხვა უწყებებში ნერგავს მათ და სამსახურის ცხელი ხაზის (1551) და ადგილებზე ტრენინგებისა და კონსულტაციების საშუალებით მომსახურებას უწევს სისტემის მომხმარებელ საჯარო მოსამსახურეებს.
 
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანური რესურსების განვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, თანამშრომელთა დაწინაურებას. სწორი HR პოლიტიკის შედეგია ის, რომ სამსახურში ჩამოყალიბდა მაღალკვალიფიციური IT პროფესიონალთა გუნდი. მათი პროფესიული ზრდა მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა ტრენინგკურსის საშუალებით. სამსახურის მენეჯმენტისთვის პრიორიტეტია ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მოზიდვა და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.
 

 

საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ბუკლეტი - ჩამოტვირთვა

 

 

 

 

eDocument - დოკუმენტბრუნვის მართვის სისტემა

 

eHRMS - ადამიანური რესურსების მართვის სისტემა