ბმულები

 


სსიპ საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემის მოდერნიზება განახორციელა

სსიპ საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემის მოდერნიზება განახორციელა. სისტემას, რომელსაც გააჩნდა მრგვალი ხე-ტყის (მორი) გადამამუშავებელ საამქროებში მიღების, გადამუშავებისა და საჭიროების შემთხვევაში მისი უკან გატანის ელექტრონული მართვის ფუნქციები, ორი ახალი - პროდუქტისა და ნარჩენის მოდული დაემატა.

 

ცვლილების შედეგად, სახერხი საამქროს ელექტრონული ჟურნალის პროდუქტის მოდულში, მეწარმე ასახავს რა პროდუქტი მიიღო გადამუშავებული ხე-ტყიდან, ასევე ელექტრონული ცნობის საფუძველზე დააფიქსირებს სახერხი საამქროდან პროდუქტის გატანას.

 

ცნობაში აისახება: სახერხი საამქროს საიდენტიფიკაციო მონაცემები, სადაც გადამუშავდა მრგვალი ხე-ტყე (მორი); ინფორმაცია ხე-ტყის/პროდუქტის მფლობელისა და გამტანი პირის შესახებ; დანიშნულების ადგილი; პროდუქტის სტატუსი ჭრის მიზნის მიხედვით (სოციალური, კომერციული, საკარმიდამო და სხვა); გატანილი პროდუქტის სახეობა, ჯიში, მოცულობა.

 

პროდუქტის გატანა განხორციელდება მრგვალი ხე-ტყის (მორი) მიღების უნიკალური ნომრის ფარგლებში სრულად ან ნაწილ-ნაწილ და გაინაშთება აღრიცხული პროდუქტის მოცულობიდან.

 

ამ ცვლილების ამოქმედებით სახერხი საამქროს ანგარიშგება იქნება უფრო სრულყოფილი, გაუმჯობესდება სახერხ საამქროში არსებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის კონტროლი, აგრეთვე პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემდგომი ტრანსპორტირებისა და განკარგვის კონტროლი და მიკვლევადობა, რაც მთელ ამ პროცესს უფრო გამჭვირვალესა და მარტივს გახდის.

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემა ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად შეიმუშავა.